მუხლი 1. ლექსიკოგრაფიული ცენტრის სტატუსი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი (შემდგომში „ცენტრი“) არის საფაკულტეტო მნიშვნელობის სასწავლო-სამეცნიერო ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებით, ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და წინამდებარე დებულებებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. ცენტრის მიზანი
ცენტრის მიზანია იმ ხარვეზის გამოსწორება, რაც დღესდღეობით არსებობს ქართულ ორენოვან ლექსიკოგრაფიაში, ერთის მხრივ სხვადასხვა ლექსიკოგრაფიული პროექტების განხორციელებისა, ხოლო მეორეს მხრივ ახალგაზრდა ლექსიკოგრაფთა მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის გზით.
ცენტრის მიზანია აგრეთვე ლექსიკოგრაფის პროფესიისა და თარგმნითი ლექსიკოგრაფიის, როგორც დარგის პოპულარიზაცია და უნივერსიტეტის ქცევა ორენოვანი ლექსიკოგრაფიის მძლავრ კერად საქართველოში.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად ცენტრი:
1) ადმინისტრირებას გაუწევს სამაგისტრო პროგრამას „ენა და ლექსიკოგრაფია“ და უზრუნველყოფს პროგრამის მუშაობის მაღალმეცნიერულ დონეზე წარმართვას; აქტიურად ჩართავს პროგრამის მუშაობაში ქართველ და უცხოელ ექსპერტებს; მოიზიდავს საუკეთესო სტუდენტებს აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაში სასწავლებლად;
2) იმუშავებს შემდეგ ლექსიკოგრაფიულ პროექტებზე:
ა) დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი ორ ტომად (160 000 სიტყვა-სტატია);
ბ) ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი;
გ) ინგლისურ-ქართული დარგობრივი ლექსიკონები (სამხედრო, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო და სხვა);
დ) ფრანგულ-ქართული ლექსიკონი;
ე) ესპანურ-ქართული ლექსიკონი;
ვ) იტალიურ-ქართული ლექსიკონი;
ზ) ჰოლანდიურ-ქართული ლექსიკონი;
თ) შვედურ-ქართული ლექსიკონი;
ი) დანიურ-ქართული ლექსიკონი;
და სხვა.
მუხლი 3. ცენტრის მართვა
ცენტრს მართავს საბჭო (შემდგომში “საბჭო”), რომელიც შედგება ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და მიმართულებათა მთავარი სპეციალისტებისაგან (ამ ეტაპზე ინგლისურ-ქართული ზოგადი ლექსიკოგრაფიისა და ინგლისურ-ქართული დარგობრივი ლექსიკოგრაფიის მიმართულებები).
მუხლი 4. ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი
1) ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი შეარჩევს მიმართულებათა მთავარ სპეციალისტებს;
2) საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს ცენტრის გრძელვადიან სამუშაო გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
3) ხელმძღვანელობს სამაგისტრო პროგრამის „ენა და ლექსიკოგრაფია“ მუშაობას, მაგისტრების აქტიურ ჩართვას ცენტრის ლექსიკოგრაფიულ პროექტებში;
4) წელიწადში ერთხელ ამზადებს ცენტრის სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს.
მუხლი 5. ცენტრის საბჭო
1) განსაზღვრავს ცენტრის მუშაობის კონცეპტუალურ საკითხებს, ძირითად მიმართულებებს;
2) შეიმუშავებს ცენტრის გრძელვადიან სამუშაო გეგმებს;
3) განსაზღვრავს პრიორიტეტებს და იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ლექსიკოგრაფიულ პროექტებზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით;
4) რეგულარულად ისმენს მიმართულებათა მთავარი სპეციალისტების ანგარიშებს ლექსიკოგრაფიულ პროექტებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 6. ცენტრის მთავარი სპეციალისტი
1) მთავარი სპეციალისტი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად წარმართავს ცენტრის მუშაობას;
2) მონაწილეობს ცენტრის სამუშაო გეგმებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში;
3) ხელმძღვანელობს ცენტრში თავისი მიმართულების მუშაობას, კერძოდ: სხვადასხვა ტიპის ლექსიკონებისათვის სამეცნიერო პროექტების მომზადებას; ლექსიკონების სარედაქციო კოლეგიის წევრების შერჩევას, მათთვის ტრეინინგების ჩატარებას და ა.შ.;
4) აქტიურად მუშაობს სამაგისტრო პროგრამის „ენა და ლექსიკოგრაფია“ მაგისტრანტებთან.
მუხლი 7. პროექტებზე მუშაობა
ყოველი კონკრეტული ლექსიკონისთვის იწერება ორი სახის პროექტი:
1. სამეცნიერო, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება ამ კონკრეტული ლექსიკონის შედგენის ლექსიკოგრაფიული პრინციპები, განსაზღვრული იქნება მისი მოცულობა, ის ლექსიკოგრაფიული წყაროები, რომელიც მისი შედგენისთვის იქნება გამოყენებული და ა.შ.
2. ფინანსური, რომელშიც ჩამოყალიბდება პროექტის დაფინანსების წყაროები (გრანტები, სპონსორები, უნივერსიტეტი, საელჩოები და ა.შ.).
3. პროექტში განსაზღვრული იქნება ლექსიკონის შემდგენელები, რედაქტორები, მთავარი რედაქტორი.
4. მას შემდეგ, რაც შეირჩევა ლექსიკონის კოლექტივი, განისაზღვრება ლექსიკონის შედგენის პრინციპები და დაფინანსების წყაროები, პროექტი დაიწყებს დამოუკიდებლად არსებობას, ლექსიკოგრაფიული ცენტრი კი გააკონტროლებს მასზე მუშაობის მიმდინარეობას.
5. ყოველი კონკრეტული პროექტისათვის დაიდება ხელშეკრულება, რომელიც დაარეგულირებს უნივერსიტეტსა და სარედაქციო კოლეგიას შორის ფინანსურ, სამართლებრივ და საავტორო უფლების საკითხებს.
მუხლი 8. დაფინანსება
1. უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება სამეცნიერო ხელმძღვანელის (თუ იგი არ არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრი) და მიმართულებათა მთავარი სპეციალისტების ხელფასები.
2. ლექსიკოგრაფიული პროექტების დაფინანსება მოძიებულ იქნება სხვასხვა წყაროებიდან (გრანტები, სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები).
მუხლი 9. ძალაში შესვლა
დებულება ძალაში შედის თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე. |